LEPL NATIONAL AGENCYOF MINERAL RESOURCES

02.06.2026

სსიპ მინერალური რესურსების ეროვნულ სააგენტოში დაცული და გაციფრულებული გეოლოგიური ფონდური მასალების დამუშავება აქტიურად მიმდინარეობს. მიმდინარე წელს სააგენტომ 5001 დოკუმენტის ანაწერი უკვე მოამზადა, რომელიც 1963-1976 წლებში გეოლოგიური კვლევების ანგარიშებს მოიცავს.

სააგენტოში დოკუმენტების გაციფრულება თანამედროვე სტანდარტების სრული დაცვით ხორციელდება. დამუშავებული მასალები ეტაპობრივად და სრულად გადაეცემა საქართველოს ეროვნულ არქივს სტანდარტების დაცვით შესანახად, ხოლო მათი ელექტრონული ვერსია სააგენტოში ინახება. ამ ეტაპისთვის, საქართველოს ეროვნული არქივისთვის გადაცემულია 10 000 გეოლოგიური დოკუმენტი. 

გეოლოგიური ფონდის (არქივის) სტრუქტურირება მნიშვნელოვნად ზრდის ინფორმაციის ხელმისაწვდომობას როგორც სამეცნიერო წრეებისთვის, ისე კერძო სექტორისა და პოტენციური ინვესტორებისთვის.

ფონდური მასალების დიგიტალიზაციის პროცესი 2015 წელს დაიწყო და ამ დროისათვის უკვე დასრულებულია. ელექტრონულ ფორმატში გადატანილია დაახლოებით 20 000 გეოლოგიური ანგარიში, ტექსტური და გრაფიკული დანართებით.

გეოლოგიური ფონდური მასალის სამართალმემკვიდრე მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოა, რომელიც უზრუნველყოფს არქივის დაცვას, დამუშავებასა და გაციფრულებას. აღნიშნული მასალები წარმოადგენს საქართველოს გეოლოგიური კვლევების მრავალწლიან ისტორიულ მემკვიდრეობას და მნიშვნელოვან საფუძველს ქვეყნის სასარგებლო წიაღისეულის რაციონალური გამოყენებისთვის. 

გეოლოგიურ ფონდურ ინფორმაციას ეყრდნობა სააგენტოს სასარგებლო წიაღისეულის მართვის დეპარტამენტის მიერ შექმნილი საქართველოს მინერალურ-რესურსული გეომონაცემთა ბაზა, რომელიც საქართველოს სასარგებლო წიაღისეულის (გარდა ნავთობის და გაზის) მართვის მნიშვნელოვან საფუძველს წარმოადგენს. 

news-page-image