სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის წარჩინებულ სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ექნებათ სააგენტოს სასარგებლო წიაღისეულის მართვის დეპარტამენტში სტაჟირება გაიარონ.
სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან გამართულ შეხევედრაზე სააგენტოს უფროსმა აბელ აბესაძემ აღნიშნა, რომ მინერალური რესურსების ეროვნულ სააგენტოში სტაჟირება მოიცავს როგორც თეორიულ გადამზადებას, ასევე პრაქტიკულ საველე სწავლებას, რაც მონაწილეებს შესაძლებლობას მისცემს, პროფესიული უნარები რეალურ სამუშაო გარემოში განავითარონ.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა დარგში ახალგაზრდა და კვალიფიციური კადრების მნიშვნელობაზე.
„ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდა პროფესიონალების მხარდაჭერა და მათი ჩართულობა წიაღის სექტორის განვითარებაში. დღეს დარგის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა კვალიფიციური გეოლოგების დეფიციტია. სწორედ ამიტომ, სააგენტო აქტიურად მუშაობს, რათა სტუდენტებს მივცეთ პროფესიული განვითარების, პრაქტიკული გამოცდილების მიღებისა და შემდგომი დასაქმების რეალური შესაძლებლობა. დარწმუნებული ვარ, რომ ახალგაზრდების ცოდნა, ენერგია და თანამედროვე ხედვები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს დარგის განვითარებაში“,- განაცხადა აბელ აბესაძემ.
შეხვედრას ესრებოდნენ სტაჟირების სამთავრობო პროგრამის ფარგლებში სააგენტოში დასაქმებული გეოლოგები, რომლებმაც სტუდენტებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.