გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსი აბელ აბესაძე ჟენევაში გამართულ გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის რესურსების მართვის კვირეულსა და რესურსების მართვის ექსპერტთა ჯგუფის მე-17 სესიას (EGRM-17) დაესწრო.
კვირეულის მთავარი თემა “მდგრადობის უზრუნველყოფა რესურსების მართვაში” იყო. სესიის ფარგლებში გაიმართა სამუშაო შეხვედრები, პრეზენტაციები და დისკუსიები, რომლებიც გაეროს რესურსების ჩარჩო კლასიფიკაციის (UNFC) და რესურსების მართვის სისტემის (UNRMS) დანერგვის საკითხებს შეეხებოდა.
დისკუსიებისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რესურსების მდგრადი და გამჭვირვალე მართვის ხელშეწყობას, ასევე UNFC-ისა და UNRMS-ის ფარგლებში ინოვაციური მიდგომების განვითარებას. მონაწილეებმა იმსჯელეს კრიტიკული ნედლეულის პასუხისმგებლიანი განვითარების მნიშვნელობაზეც, გაეროს შესაბამისი პრინციპების გათვალისწინებით.
ორმხრივი შეხვედრების ფარგლებში განხილულ იქნა გაეროს რესურსების ჩარჩო კლასიფიკაციასთან ჰარმონიზაციის მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები.